All you need is rock music

All you need is rock music
Rock RoLL <3

See all

Tuesday, March 22, 2011

RadioHead - ის ბიოგრაფია



წარმოშობის ადგილი ებინგდონი, ოქსფორდშირი,ინგლისი

ჟანრი/ები ალტერნატიული როკი,არტ როკი,ელექტრონული მუსიკა


აქტიური 1991-დღემდე

ლეიბლი/ები პარლოფონი

კეპიტოლ რეკორდსი

ვებგვერდი   ვრცლად: www.radiohead.com


რედიოჰედი (ინგლ. Radiohead) ინგლისური როკ ბენდია, რომელიც 1986 წელს ოქსფორდშირში ჩამოყალიბდა . თავდაპირველად ჯგუფს ერქვა On A Friday. მისი შემადგენლობა შექმნიდან დღემდე არ შეცვლილა: ტომ იორკი (ვოკალი, პიანინო, რიტმ გიტარა), ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა), ედ ო’ბრაიენი (გიტარა, ბექ ვოკალი), კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები) და ფილ სელუეი (დრამი).

1992 წელს ჯგუფმა 80-იანი წლების ისეთი ალტერნატიული როკ ბენდების გავლენით, როგორებიცაა R.E.M. , Pixies და Sonic Youth, გამოუშვა პირველი სინგლი Creep. ეს იყო მათი სადებიუტო ალბომის, Pablo Honey-ის (1993) ერთ-ერთი სიმღერის მოულოდნელი გაჰიტება, რამაც განაპირობა ის, რომ რედიოჰედს უწოდებდნენ „ერთჰიტიან საოცრებას“. მეორე ალბომით, The bends, ჯგუფმა როგორც იქნა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება დიდ ბრიტანეთში; ამ პერიოდში შეიძინა ახალი ფანებიც, რაც დამუხტული გიტარის ატმოსფეროსა და ტომ იორკის ფალცეტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. რედიოჰედის მესამე ალბომი, Ok Computer საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა; თავისი შთამბეჭდავი ხმითა და გაუცხოების თემებით ეს ალბომი, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი ნამუშევარია.

წინააღმდეგობრივი და არაორდინალური ალბომებით, Kid A (2000) და Amnesiac (2001), რედიოჰედმა მიაღწია პოპულარობის პიკს. თუმცა ჯგუფის მუსიკალური ორიენტაცია რამდენადმე შეიცვალა, მოექცა რა ელექტრონული მუსიკის, ექსპერიმენტული ჯაზისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის (Aphex Twin, Autechre, ჩარლზ მინგესი, ოლივიე მესიე) გავლენის ქვეშ. უკანასკნელი ალბომი, Hail To The Thief (2003), შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის მოწონების საგნად იქცა. მასში თავმოყრილია ადრეული ნამუშევრების ყველა ასპექტი; გიტარის, ელექტრონიკისა და ლირიზმის სინთეზი საოცარ ეფექტს ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო ალბომებს ჰყავს განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მსმენელი, რედიოჰედი ხშირად იწოდება, როგორც თავისი დროის ყველაზე უფრო კრეატიული ბენდი, რომლის კონცერტებსაც ესწრება უამრავი ხალხი. დიდია მისი გავლენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებზე. რედიოჰედმა, როგორც „აუთსაიდერების“ ბენდმა, იწვნია მართლაც უდიდესი კომერციული წარმატება. ბევრი თვლის, რომ მათ სტუდია, EMI-სთან თანამშრომლობის მიუხედავად, პოლიტიკური და მუსიკალური დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნეს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ახალი ალბომი სახელწოდებით In Rainbows 10 ოქტომბერს გამოვიდა.

ბიოგრაფია
ტომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).

ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში — ადგილას სადაც იგი მომავალი რედიოჰედის წევრებს — ედ ო’ბრაიენს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას — ჯონის შეხვდა.

ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი რედიოჰედის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკრავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. „თეთრი შოკოლადის ფერმა“ და „თჩოკი“). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.

19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში „Airbag“, „Killer Cars“ და „Stupid Car“. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს — Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

სოლო ნამუშევრები
ტომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი გახლდათ, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: „არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [რედიოჰედის წევრების] ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. ა. შ. შ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა — #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“

ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა)

ბიოგრაფია
გრინვუდს უნივერსიტეტი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც On A Friday-მ კონტრაქტი დადო ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI (1991). იგი რედიოჰედის ერთადერთი წევრია, რომელსაც პროფესიული განათლება აქვს მიღებული რაიმე ინსტრუმენტზე (კონკრეტულად კი ვიოლინოზე ბავშვობის ასაკში), თუმცა ასევე ერთადერთია რომელსაც დიპლომი არ აუღია უნივერსიტეტის მიტოვების გამო.

ჯონი გრინვუდის გავლენა რედიოჰედის შემოქმედებაზე თვალნათელია, გამომდინარე იქიდან რომ ის, ტრადიციულად, ჯგუფის წამყვანი გიტარისტის როლში გვევლინება. გარკვეული პერიოდის გამავლოაბაში გრინვუდი სამკლაურს ატარებდა დაძაბულობისგან გამოწვეული დაზიანების გამო, რაც მისი “აგრესიული” სტილის საშემსრულებლო ოსტატობით იყო განპირობებული. სამკლაურს დღესაც ხშირად ატარებს – მისივე თქმით “ეს თითების გადახვევას გავს კრივის მატჩის წინ”.

ჯონი გრინვუდი ტომ იორკთან ერთად დიდ გავლენას ახდენს რედიოჰედის რეპერტუარზე. მუსიკა, რომელიც ალბომების OK Computer და Hail to the Thief ბოლო ტრეკებშია, (“The Tourist” და “A Wolf at the Door”) სწორედ გრინვუდის შექმნილია. ტომ იორკის თქმით, სიმღერა “Just” ერთგავრ პაექრობას წარმოადგენს მის ვოკალსა და ჯონის გიტარას შორის – რომელი უფრო მაღალი აკორდის აღებას მოახერხებს. მისი პროფესიული უნივერსალურობის ნათელი დადასტურება ონდეს მარტენოტის გამოყენებაა სიმღერებში “The National Anthem” და “How to Disappear Completely” (ალბომი Kid A). სიმღერა “Where I End and You Begin” ალბომიდან Hail to the Thief ეძღვნება “ონდესის” ერთ-ერთი პიონერის ჯინ ლორიოდის ხსოვნას.

სოლო ნამუშევრები
2003 წელს გრინვუდმა გამოუშვა თავისი სოლო ალბომი Bodysong რომელიც წარმოადგენს საუნდრეკს ამავე სახელწოდების ფილმისთვის (რეჟის. სიმონ პიუმელი). ალბომში ბასის პარტია ჯონის ძმის – კოლინის მიერაა შესრულებული. 2004 წლის მაისში გრინვუდს მუშაობა შესთავაზეს ბი-ბი-სი-ს კომპოზიტორად, რამაც მას შესაძლებლობა მისცა კლასიკური ორკესტრის, პიანინოსა და ონდეს მარტენოტის გამოყენებით შეექმნა მუსიკა. მისი ნამუშევრებია: Smear, Piano for Children და Popcorn Superhet Receiver. Smear-ის პრემიერა 2004 წელს შედგა, რასაც მალევე მოჰყვა ჯონის ახალი ნამუშევარი (2005 წლის აპრილი, ბი-ბი-სი რადიო 3-ის დაკვეთით) რომელიც ბი-ბი-სი-ს სიმფონიურმა ორკესტრმა ლონდონში შეასრულა. 2006 წლის ბრიტანეთის კომპოზიტორთა დაჯილდოვებაზე ჯონი გრინვუდი სწორედ კომპოზიციისთვის “Popcorn Superhet Receiver” იქნა დაჯილდოვებულ “რადიო 3”-ის მსმენელთა მიერ(შექმნილია პოლონელი კომპოზიტორის – პენდერეკის ნაწარმოების “Threnody for the Victims of Hiroshima” გავლენით).

გრინვუდისა და იორკის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს სიმღერა “Arpeggi”, რომელიც რედიოჰედისთვის დაიწერა და ლონდონისა და არაბეთის (ნაზარეთის) სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად იქნა შესრულებული ეზერის ფესტივალზე (2005 წლის მარტი). შემდგომში ტრეკი გადააკეთეს და ჯგუფის ფორმატს მიუსადაგეს.

დაბ-რეგეის მოყვარულმა გრინვუდმა Trojan Records-თან თანამშრომლობით გამოუშვა კრებული “Jonny Greenwood Is The Controller” (2007 წლის მარტი). ეს კომპანიის ბოლოდროინდელი არჩევანია, მას შემდეგ რაც დი ჯეი სპუკი და დონ ლეთსი ჩაწერეს. კომპანიამ გრინვუდს სიმღერების გრძელი სია წარუდგინა, რომელთაგანაც მან 17 ტრეკი ამოარჩია, რაზეც თავად უნდა შეესრულებინა პარტიები. კრებულის სახელწოდება მოდის პირველი ტრეკიდან “Dread Are The Controller” (შემსრულებლი: ლინვალ ტომფსონი). ალბომი მოიცავს სხვადასხვა მუსიკოსთა ტრეკებს: დერეკ ჰარიოტი, გრეგორი ისააკსი, ჯგუფი The Heptones და სხვ.


ედ ო’ბრაიენი (გიტარა, ბექ ვოკალი)

ბიოგრაფია
ო’ბრაიენი ცნობილია პედლების კოლექციით რომელიც ელექტრონული ეფექტების მისაღწევად გამოიყენება. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფის კონცერტებისას ხმის შორ მანძლიზე მიწვდომისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ედის გიტარის პარტია სიმღერიდან ამოღებულია, ის პედალს იყენებს ტომ იორკის ვოკალისთვის უჩვეულო ჟღერადობის მისაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ედ ო’ბრაიენის ძირითადი სტატუსი ჯგუფში რითმ-გიტარისტობით განისაზღვრება, ის ხშირად სოლო-პარტიებსაც ასრულებს, როცა ჯგუფის წამყვანი გიტარისტი ჯონი გრინვუდი კლავიშებზე, სამოდულაციო სინთეზატორსა და ონდეს მარტონეტზე უკრავს. ედი თვითნასწავლი გიტარისტია და სპეც.განათლება მხოლოდ დოლის გაკვეთილებით აქვს მიღებული. თუმცა რედიოჰედში მისი დრამერობა მხოლოდ ტრეკში “There There” გამოიხატება სადაც ჯონი გრინვუდთან ერთად დამატებითი დოლის პარტიას ასრულებს, ასევე ბი-საიდისთვის “Pearly”.

მართალია ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული მუსიკის შექმნაში, მაგრამ ო’ბრაიენი, ჩვეულებრივ, მონაწილეობას არ იღებს სიმღერების დაწერაში, რამოდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად დასაწყისი ტრეკისა “Go To Sleep”). მანვე შექმნა ბოლო აღმასვლა სიმღერებში “The Bends” და “Street Spirit (Fade Out)“. თუმცა ედი უფრო მუსიკალური ჩარჩოების გაფაროთოებაში თანამონაწილეობს, ცდილობს არაორდინალური ხმის მიღწევაში დაეხმაროს რედიოჰედს. შედეგად, სწორედ ო’ბრაიენმა შექმნა საფინალო აკორდები ტრეკისთვის “Karma Police”, ასევე სიმღერისთვის ”Lucky” (დასაწყისში გამაბრუებელი და სევდიანი მელოდია, მისამღერში თავის უცვლელ ბექ-ვოკალთან ერთად) და “Treefingers” (აქ ედის გიტარის აკორდები ელექტრონულად გადადის ამბიენთ მუსიკაში). ასევე ო’ბრაიენი ასრულებს გიტარის სოლო-პარტიას ტრეკისთვის “Climbing Up The Walls” და წამყვან გიტარისტად გვევლინება ცოცხალი შესრულებისთვის განუმეორებელ სიმღერაში “Talk Show Host”.

ედი თავად ტომ იორკის ინიციატივით იქნა ჯგუფში მიწვეული, რადგან იორკის თქმით ის რაღაცით ბრიტანელ მომღერალს – მორისეის გავდა. ედ ო’ბრაიენი რედიოჰედის ყველაზე ფოტოგენურ წევრად ითვლება, რომელიც პუბლიკასთან ასევე ყველაზე მეტად გახსნილია. Kid A-ს და Amnesiac-ს სესიების დროს ედი ჯგუფის ვებ-გვერდზე ღია დღიურს აქვეყნებდა, რაც რედიოჰედის ფანებს ექსპერიმენტული ალბომის სიღრმეში ჩახედვის საშუალებას აძლევდა.ამის მიუხედავად ედი არასოდეს გამხდარა სარეკლამო იარაღად რედიოჰედის პოპულარობის გაზრდისათვის. ის უბრალოდ ჯგუფის ყველაზე მაღალი წევრია (6.5 ფუტი სიმაღლის. როცა ჯგუფის სხვა წევრები 6 ფუტზე მაღლები არ არიან).

რედიოჰედის გარეთ
ედმა თავისი წვლილი შეიტანა ბი-ბი-სი-ს თეატრალური სერიების საუნდრეკისთვის განკუთვნილ პროექტში “Eureka Street” ალბომის Kid A ჩაწერამდე. მან გიტარის პარტია შეასრულა საქველმოქმედო ალბომისთვის “Asian Dub Foundation”; ასევე დაუკრა შინედ ო’კონორთან და ჯგუფებთან “Blowback” და “Enemy of the enemy” ერთად პროექტისთვის ”1000 Mirrors”.


კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები)

ბიოგრაფია
ჯგუფის ჩამოყალიბების პარალელურად (1988) კოლინი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და თანამედროვე ამერიკული მწერლობით იყო გატაცებული, რომელიც ომისშემდგომ ამერიკულ საზოგადოებას წარმოსახავდა. ამ დროისთვის ჯგუფში უკვე ირიცხებოდა კოლინის უმცროსი ძმა – ჯონი გრინვუდი. მიუხედავად იმისა რომ ჯონი სულ 14 წლის იყო, იგი მშვენივრად უკრავდა გარმონზე და კოლინმაც დაარწუნა მეგობრები რომ მისი ძმა კარგად აღზრდილი და დამჯერე ბიჭი იყო, რომელზე ზრუნვაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა მისთვის. On A Friday-ს მიერ ჩატარებული კონცერტების დროს კოლინი შოუს დადგმაში ეხმარებოდა ბენდს და მისივე იღბილიანი შემთხვევის წყალობით ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI. კომპანიის წარმომადგენელმა – კეიტ უოზენკროფტმა შემთხვევით გაიცნო ფირების მაღაზიაში მომუშავე კოლინი და მალე კოტრაქტის დადება შესთავაზა მის ჯგუფს, რის შემდეგაც ბიჭებმა სახელი შეიცვალეს, დაირქვეს რა “Radiohead”.

გრინვუდი ბევრ ინტრუმენტზე უკრავს. ძირითადად კი ელექტრო და აკუსტიკურ გიტარას იყენებს. ასევე უკრავს ორმაგ ბასზე, კლავიშებზე, ციფრულ “სემპლერზე”, სინთეზატორსა და სხვადასხვა სახის პერკუსიულ ინსტრუმენტებზე. უპირატესობას “ფენდერის” ფირმის ბასს ანიჭებს. კოლინის ბას-გიტარა ყველაზე მეტ ხიბლს ანიჭებს ტრეკებს: “Exit Music” , “The National Anthem” და “Airbag” .

რედიოჰედის გარეთ
კოლინმა თავისი ძმის – ჯონი გრინვუდის სოლო-ალბომში Bodysong ბასის პარტია შეასრულა კომპოზიციაში “24 Hour Charleston” .

1997 წელს მონაწილეობა მიიღი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, სადაც თავისი მშობლიური სასწავლებლის პროპაგანდით იყო დაკავებული. იგი კემბრიჯის კურსდამთავრებულთა პოსტერზე საპატიო წევრად არის აღბეჭდილი.

კოლინი მოყვარული ფოტოგრაფია. თავის პოსტებში რედიოჰედის საიტზე Dead Air Space (2003) მან ვიქტორიასა და ალბერის სახელობის მუზეუმში გამოფენილ ფოტოებზე დისკუსია მოაწყო, სადაც ადრეული სტილით შემქნილ ფოტოებს ციფრულ სურათებს ადარებდა. საბოლოოდ, კოლინმა ფრედრიკ სომერისა და ჰაროლდ ედგერტონის ნამუშევრები მიიჩნია საუკეთესოდ.

2004 წელს ინგლისის ხელოვნების საბჭოს მიერ ჩატარებულ “ახალი თაობის პოეტთა კონკურსში” გრინვუდი ჟიურის წევრთა შორის ირიცხებოდა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო რედლის კოლეჯისა და წმ. ელენესა და წმ. კატრინას სახელობის სკოლების რიგით მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიის მწარმოებელთა უფლებებზე ისაუბრა. რედლის კოლეჯში მოღვაწე პროფესორმა დევიდ სმიტმა გრინვუდის საზოგადოებრივ აქტიოვობას ასეთი შეფასება მისცა: “ეს იმ მუსიკოსის თვალსაზრისია, რომლის გარეშეც ვერანაირი სახის მუსიკის შეგრძნებას ვერ შევძლებდით”.

ფილ სელუეი (დრამი)

ბიოგრაფია
რედიოჰედის პოპულარობამდე სელუეი ლივერპულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწვალობდა (დღეს ეს უნივერსიტეტი ცნობილია როგორც “ლივერპულის ჯონ მურზის სახელობის უნივერსიტეტი”). ის ბევრ საგასტროლო მუსიკოსთან თანამშრომლობდა; ამავე პერიოდში ინგლისურის მასწავლებლადაც დაიწყო მუშაობა. 90-იანი წლების დასაწყსიში კი მან რედიოჰედის (მაშინ ცობილი როგორც “On a Friday”) საწყისი შემადგენლობა დატოვა და ირლანდიაში გაემგზავრა, თუმცა ჯგუფში მალევე დაბრუნდა.

დოლზე დაკვრის გარდა ფილი შიგადაშიგ ბექ-ვოკალსაც ასრულებს, რაც ყველაზე შესამჩენავდ ტრეკში “There There” ჩანს. მისი საოცრად ზუსტი სინქრონულობა და მრავალფეროვანი სტილის დოლის პარტიები უზრუნველყოფს ზუსტი და გასაგები ხმის გამოცემას რედიოჰედის ცოცხალი შესრულებით ჩატარებული კონცერტებისას.
რედიოჰედის გარეთ ტომ იორკისა და ჯონი გრინვუდისგან განსხვავებით, ფილ სელუეი აქტიურად არ არის ჩართული ჯგუფის გარეთ მოქმედ პროექტებში. თუმცა ის ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომაგდენლებთან ერთად მუშაობს. 1991 წლიდან მოყოლებული სელუეი “სამარიტან მოხალისეთა ჯგუფში” ირიცხება, რომელთა მიზანი ბრიტანეთსა და ირლანდიაში სუიციდის წინააღმდეგ პროპაგანდაა. ფილმა ჯგფუთან Dive Dive დოლის პარტია შეასრულა (2005 წლის მარტი) და გამოჩნდა მხატვრულ ფილმში “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”, განასახიერა რა მუსიკალური ჯგუფის The Weird Sisters ერთ-ერთი წევრი, რედიოჰედის სოლო-გიტარისტ ჯონი გრინვუდთან და ჯგუფის Pulp სოლისტ ჯერვის კოკერთან ერთად. ასევე თავისი წვლილი შეიტანა ნეილ ფინის საკონცერტო ალბომში “Seven Worlds Collide”. ახლო წარსულში შოტლანდიელმა პროდიუსერმა ჯონ მაკკიუსაკმა გაზეთთან The Scotsman მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სელუეისთან ალბომის ჩაწერას აპირებს 2007 წელს

No comments:

Post a Comment

გთხოვთ დაიცვათ ცენზურა... რადგან ყველას გაქვთ, რეგისტრაციის გარეშე, დაკომენტარების უფლება ეს იმას არ ნიშნავს, რაც გინდათ და როგორც გინდათ წეროთ. თქვენი აზრი გამოხატეთ, მაგრამ ცენზურის დაცვით!!!