URIAH HEEP
დაარსდა: 1969 წელს ლონდონში
ჟანრი: მელოდიური ჰარდ-როკი, "პროგრესივისა" და არტ-როკის ელემენტებით
დისკოგრაფია: გამოშვებული აქვს 22 სტუდიური და 12 საკონცერტო ალბომი
ამჟამინდელი შემადგენლობა: მიკ ბოქსი (სოლო გიტარა), ფილ ლენზონი (კლავიშებიანი საკრავები), ტრევორ ბოლდერი (ბასი), რასელ გილბრუკი (დრამი), ბერნი შოუ (ვოკალი)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე ყოფილი იმპერიის შემადგენელი რესპუბლიკების საზოგადოებისთვის ბევრი ისეთი რამ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომუნიზმის მშენებელთა იდეოლოგიისთვის მიუღებელ სფეროებად მიიჩნეოდა და შესაბამისად, ცენზურისთვის იყო განწირული.
გამონაკლისი არც როკკულტურა ყოფილა. თანამედროვე მუსიკის ეს ფორმა, რომლის საფუძველშიც ტოტალიტარიზმისა და ადამიანის თავისუფლების ყოველგვარი შეზღუდვისადმი შეურიგებლობა იგრძნობოდა, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, განსაკუთრებულად კი საბჭოთა კავშირში, კომკავშირელი ახალგაზრდობის ცნობიერებისთვის მავნე ბურჟუაზიულ პროდუქტად მიიჩნეოდა. ასე გრძელდებოდა გორბაჩოვისეულ "პერესტროიკამდე".
სწორედ ამ პერიოდიდან როკმოძრაობას ქვეყანაში "მწვანე შუქი" აენთო. ამ მოვლენათა მიღმა არც ჩვენი რესპუბლიკა დარჩენილა, რომელსაც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ლეგენდარული DEEP PURPLE-ის ვოკალისტი იან გილანი (საკუთარ ბენდთან და მეუღლესთან ერთად) და ასევე ცნობილი შოტლანდიური ჯგუფი NAZARETH ეწვივნენ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უკვე დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოს როკის სამყაროში ერთ-ერთი აქტიური ქვეყნის სტატუსი უნდა დაემკვიდრებინა (რის საფუძველსაც დასავლური კულტურისა და ღირებულებებისადმი ჩვენი სწრაფვაც იძლეოდა), თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მომხდარა (განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებიც როკკულტურის აქტიურ მომხმარებლებად იქცნენ).
ასე გრძელდებოდა 2 ათეული წლის განმავლობაში - არადა, ამ მუსიკალური მიმდინარეობისადმი ქართველი ახალგაზრდობის ინტერესი თანდათან იზრდებოდა. ისინი უკრავდნენ სარდაფებში და შიგადაშიგ კონცერტების მოწყობასაც ახერხებდნენ, ჰბაძავდნენ უცხოელ ლეგენდებს, საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ და ამავე დროს მოუთმენლად ელოდნენ საქართველოში მათ სტუმრობას.
საკმარისია გავიხსენოთ, შარშან ზაფხულს თურქეთში DEEP PURPLE-ის შოუზე ქართული წარმომადგენლობის ხმაურიანი გამგზავრება, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ როკს მალე ჩვენს ქვეყანაშიც უნდა შემოებიჯებინა. მოლოდინმა გაამართლა: თბილისს გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფი - "URIAH HEEP" ეწვევა და კომპანია Locomotive Promotion-ის ორგანიზებით, 19 მარტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.
სწორედ ამ ფაქტისა და საქართველოში როკკულტურის განვითარების პერსპექტივაზე ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენლები გვესაუბრებიან:
- ვიდრე უშუალოდ "ურაია ჰიპის" შოუსა და საქართველოში როკის მდგომარეობის შესახებ გავამახვილებდეთ ყურადღებას, მთელ მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის - National Georgraphic-ის გადამღები ჯგუფის თბილისში სტუმრობაზე გვიამბეთ. ამის შესახებ შემთხვევით თქვენი, ვებგვერდის ნახვისას შევიტყვე...
ლევან კაპანაძე:
- "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღები ჯგუფი 2009 წლის აგვისტოში იმყოფებოდა საქართველოში. ინტერნეტით დაგვიკავშირდნენ როკჯგუფებს - "მძიმე ჯვარსა" (ლევან კაპანაძე ამ ჯგუფის წევრია. - ავტ.) და Angel of Disiase-ს, რის შემდეგაც ჩამოვიდნენ კიდეც.
- უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ. სწორედ "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" ეთერში ნანახი მაქვს ერთი გადაცემა, რომელსაც, თუ არ ვცდები, ჰქვია: "დედაჩემს ნუ ეტყვით, სად ვარ". ამ პროექტის წამყვანი, მსოფლიოს ისეთ კუთხეებს სტუმრობს, სადაც ჩასვლაც სარისკოდ მიიჩნევა. ერთ-ერთ ფილმში, იგი ირანში იმყოფებოდა და ტელემაყურებელს იატაკქვეშეთში მოღვაწე სპარს ახალგაზრდა როკმუსიკოსებზე მოუთხრობდა. ამ დოკუმენტური კადრების ხილვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა: "შეხედეთ, ასეთ ისლამურ-ფუნდამენტალისტურ ქვეყანაშიც კი იციან როკმუსიკის შესახებ, სადაც ხალხი ბნელითაა მოცული"... როგორ ფიქრობთ - "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღები ჯგუფი ჩვენს ქვეყანასაც ასეთი განწყობილებით ხომ არ ესტუმრა?
გივი მაჭავარიანი:
- არა. საერთოდ, ამ არხის გადამღები ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ აქაური როკმოძრაობისადმი ინტერესით არ ყოფილა განპირობებული. მათ ზოგადად ქართული კულტურის გაცნობა სურდათ - მათ შორის, როკკულტურისაც. გადახედეს კულტურის ამა თუ იმ სფეროში ჩვენს მიღწევებს და ქართული როკითაც დაინტერესდნენ. ჩავატარეთ დახურული კონცერტი, რომლის მსვლელობის დროსაც უცხოელ ჟურნალისტებს სხვადასხვა თაობისა და ჟანრის ქართულ როკჯგუფებთან გაცნობის საშუალება მიეცათ.
ლევან კაპანაძე:
- მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ქართული როკმოძრაობა სათავეს გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდიდან იღებს (თვით დასავლეთის ქვეყნებშიც სწორედ ამ ეპოქაში იკრებდა ძალას როკმუსიკა. - ავტ.) და ქართველი გიტარისტი, ბაჩი ქიტიაშვილი 1964 წლიდან უკრავს. უფრო მასშტაბური ფესტივალის ჩატარება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი იდეით ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურები ვერ დავაინტერესეთ. ამ სფეროს მიმართ კვლავაც გულგრილი და არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა. არადა, წარმოგიდგენიათ, საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმი 2010 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში "ნეშნლ ჯიოგრაფიკზე" იტრიალებს და მისი ხილვა ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეეძლება.
გიორგი კიკონიშვილი:
- ერთ-ერთ ტელეკომპანიას მივმართეთ ამ ღონისძიებაზე სიუჟეტის მოსამზადებლად. მოვიდა ჟურნალისტი, რომელიც იმით უფრო იყო აღფრთოვანებული, რომ "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღებ ჯგუფთან კონტაქტის შესაძლებლობა მიეცა, ვიდრე იმით, რაც იქ ხდებოდა. აი, ასეთი დამოკიდებულებაა საქართველოში ამ და ბევრი სხვა სფეროს მიმართ. შარშან, ზაფხულში თურქეთში DEEP PURPLE-ის კონცერტზე ქართული წარმომადგენლობის წასვლას გავუკეთე ორგანიზება. იქ ჟურნალისტიც გვახლდა, რომლის მიერ დასმულმა შეკითხვამ შოკში ჩამაგდო: იან გილანს ინგლისური ეცოდინება თუ თარჯიმანი დაგვჭირდებაო?..
ლევან კაპანაძე:
- "URIAH HEEP"-ის ჩამოყვანაზე მუშაობისას სპონსორების ძებნის პროცესში ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში ვიმყოფებოდით. კომპანიის პიარმენეჯერს ინტერნეტში ამ ჯგუფის საკონცერტო გამოსვლა ვანახვეთ. მან ასეთი პასუხი გაგვცა, - ჰო, ეს როკს ბევრად სჯობს, მაგრამ მაინც ვერ დაგასპონსორებთო... ახლა თავად განსაჯეთ, ჩვენი პროექტების განხორციელებისას რამხელა სირთულეების გადალახვა გვიხდება.
- გასაგებია, მაგრამ ისიც მიკვირს, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ისეთი ჟანრი, რომლის მიმართაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს დღესაც ასეთი დამოკიდებულება აქვს? რატომ არ გააკეთეთ აქცენტი, მაგალითად, პოპმუსიკაზე, რომელსაც უფრო ფართო მასა უსმენს და შესაბამისად, ამ მუსიკალური ჟანრის წარმომადგენელთა კონცერტების მოწყობაც ხელსაყრელი იქნებოდა?
გივი მაჭავარიანი:
- საქმე ასე მარტივად არ არის. შეიძლება, ამა თუ იმ პოპშემსრულებლის რამდენიმე ჰიტი მუსიკალური რეიტინგების სათავეში მოექცეს, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც სხვა შემსრულებელი უფრო პოპულარული გახდება. იმის თქმა მსურს, რომ პოპულარულ მუსიკაში ყველაფერი დროებითია, როკი კი დროს უძლებს. ამ ჟანრს გაცილებით ერთგული მსმენელი ჰყავს, რომელსაც საყვარელი ჯგუფის ან შემსრულებლის შემოქმედება არასოდეს მოჰბეზრდება და მოდის გამო, სხვაზე არ გადაერთვება. ჩვენი გეგმებიც დროზეა გათვლილი. გარდა ამისა, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ კომერციული ინტერესი გვამოძრავებს. ჩვენ ავირჩიეთ სფერო, რომელიც გვიყვარს და კარგად ვიცით.
ლევან კაპანაძე:
- ჩვენი საქმიანობა მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანით არ შემოიფარგლება. გვსურს, ხელი შევუწყოთ ქართული როკკულტურის განვითარებას, დავეხმაროთ პერსპექტიულ ჯგუფებს, ჩავატაროთ კონცერტები და ფესტივალები, რომლებშიც არა მარტო უცხოელები, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულ როკს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში ჩემს ჯგუფთან, "მძიმე ჯვართან" ერთად, თურქეთში ფესტივალზე ვიმყოფებოდი. ჩვენმა გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა. ღონისძიების "ჰედლაინერად" გაგვიყვანეს სცენაზე. იმ წელს "ჰედლაინერი" თურქული როკჯგუფი უნდა ყოფილიყო.
სხვათა შორის, იგი მანამდე "ევროვიზიაზე" მონაწილეობდა, მაგრამ მაინც, უპირატესობა ჩვენ მოგვანიჭეს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც ხალხის მრავალათასიანი მასა აგვყვა. არადა, მათ ამჟამად მოღვაწე არაერთი როკგრანდი ცოცხლად ჰყავდათ მოსმენილი. ჩვენი თურქეთში გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. უსმენდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენელ ჯგუფს, რომლის ქალაქები და სოფლები იბომბებოდა!.. ცხადია, ამის გამო ბევრი ადამიანი თანადგომას გვიცხადებდა. ის ფესტივალი, რომელიც თავისი არსით, ომისა და ძალადობის წინააღმდეგია, არაერთმა უცხოურმა ტელეკომპანიამ გადაიღო, მათ შორის CNN-მაც.
- საინტერესოა, რა პრინციპით შეარჩიეთ "ურაია ჰიპი"?
გივი მაჭავარიანი:
- ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ - კომერციული მოსაზრებებით დაწყებული, ამ კოლექტივის შემოქმედებით დამთავრებული. "ურაია ჰიპი" - პირველი ლეგენდარული ჯგუფია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ესტუმრება. ამავე დროს ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია და დარწმუნებული ვართ, წარმატებულად დასრულდება.
ლევან კაპანაძე:
- "URIAH HEEP"-ის მხარემ სურვილი გამოთქვა, რომ თბილისური კონცერტის გადაღება მოხდეს, რის შემდეგაც ეს მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება და DVD-ფორმატზე გამოიცემა სახელწოდებით - Live in Tbilisi. ხომ ხვდებით, ჩვენი ქვეყნის რამხელა პოპულარიზაცია მოხდება ამ დისკის მთელ მსოფლიოში გაყიდვით?! ამისთვის 10 ათასი ევრო და შესაბამისი სატელევიზიო გადამღები ჯგუფია საჭირო, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ეს საკითხიც მოუგვარებელია.
- როკკულტურა ძალიან მრავალფეროვანია, რომლის ზოგიერთი მიმდინარეობაც საზოგადოების ნაწილის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. გსურთ, რომ თქვენი საქმიანობით როკმუსიკის მთლიანი სპექტრი მოიცვათ?
- ნამდვილად ასეა. გვსურს, როკმუსიკის ყველა მიმართულება მოვიცვათ - "მსუბუქი", მელოდიური როკ-ენ-როლით დაწყებული - ყველაზე ექსტრემალური "მეტალით" დამთავრებული.
- თუ საიდუმლო არ არის, წელს კიდევ რას აპირებთ?
- ზოგიერთ საკითხს ამ ეტაპზე მართლაც, საიდუმლოდ დავიტოვებთ, რადგან წინასწარ ლაპარაკი არ გვსურს, თუმცა მაინც გეტყვით, რომ გეგმაში გვაქვს იან გილანის ჩამოყვანა...
P.S. საუბრის ბოლოს გიორგი კიკონიშვილმა სიცილით, მადლობა გადამიხადა, რომ "კურიოზების" შესახებ არაფერი მიკითხავს, თუმცა ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, რომ მათი მონათხრობი მაინც კურიოზებით სავსე გამოვიდა.
წყარო იხილეთ აქ
No comments:
Post a Comment
გთხოვთ დაიცვათ ცენზურა... რადგან ყველას გაქვთ, რეგისტრაციის გარეშე, დაკომენტარების უფლება ეს იმას არ ნიშნავს, რაც გინდათ და როგორც გინდათ წეროთ. თქვენი აზრი გამოხატეთ, მაგრამ ცენზურის დაცვით!!!